მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში გაიხსნა 2020 წელს. დაწესებულების საკონსულო ოლქი მოიცავს პულიის, ბაზილიკატის, კალაბრიისა და სიცილიის რეგიონების ტერიტორიას. გენერალური საკონსულოს ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს საკონსულო ოლქში საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, და ასევე, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, ტურიზმი, სპორტი.
გენერალური საკონსულო პრიორიტეტია დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. ჩემთვის, როგორც ახლადდანიშნული გენერალური კონსულისათვის, უდიდესი პატივია ვემსახურო საქართველოსა და ჩვენს თანამემამულეებს სამხრეთ იტალიაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს - ყოფილ გენერალურ კონსულს ბარიში - ვახტანგ ანდღულაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ამ ქალაქში საქართველოს წარმომადგენლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მსურს მივმართო ბარიში და მთლიანად საკონსულო ოლქში მცხოვრებ ქართულ დიასპორას – თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები ხართ უცხოეთში. თქვენი ძალისხმევა, შრომისმოყვარეობა და თქვენ მიერ ქართული ტრადიციების შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ჩვენი ქვეყნისათვის. გენერალური საკონსულო ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი და მეგობარი.
მოგიწოდებთ, იყოთ აქტიური ჩვენი საკონსულოსთან ურთიერთობაში და გაგვიზიაროთ თქვენი იდეები, მიმდინარე სიახლეები და დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია, და ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვისა და თქვენი მხარდაჭერისთვის.
ჩვენ აქ ვართ - თქვენთვის.